2007 წელს ფონდმა, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრთან ერთად, ქ. ხობში, დააფუძნა “ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი (სამეგრელო)”.
ექსპოზიციის ავტორია, საქართველოს დამსახურებული მხატვარი – სერგო კენჭაძე.
ექსპოზიციაში ქართული ფოლკლორის და პოლიფონიის განვითარება წარმოდგენილია საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს უძველესი ისტორიის, უცხოელ მოგზაურთა და მკვლევართა მიერ მისი შეფასებების ფონზე.
მუზეუმში საინტერესოდ და ვრცლადაა წარმოდგენილი მეგრული სიმღერის შემსრულებელთა და ლოტბართა ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური მასალები, ფოტოები, პირადი ნივთები , რომლებიც შთამბეჭდავ და სრულყოფილ ინფორმაციას იძლევიან, საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის სასიმღერო ხელოვნების განვითარებისა და მის მოამაგეთა შესახებ.
აქვე გამოფენილია ჩვენი ფონდის მიერ გამოშვებული მასალები, სანოტო კრებულები, კატალოგები, მონოგრაფიები, ცნობარები, კომპაკტდისკები. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მუზეუმშივე შეიძინონ ეს მასალები.
მუზეუმში ასევე მოწყობილია ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გამოფენილია სამეგრელოს მოსახლეობის ყოფისა და ცხოვრების ამსახველი მასალები შრომის იარაღები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის საერთაშორისო ცენტრისა და მისი პრეზიდენტის, ბატონ ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით, მუზეუმთან შეიქმნა ქართული ხალხური სიმღერის სკოლა “ჰარირა”, სადაც განსაკუთრებული მონაცემების მქონე ახალგაზრდები გაივლიან სწავლების ორწლიან კურსს და პროფესიულ დონეზე დეაუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობლებს.
ჩვენი მიზანია, რომ მუზეუმი იქცეს კულტურის ცენტრად, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს იმ მიმართულებით, რომ ხელი შეუწყოს ქართული ხალხური სიმღერისა და ხალხური საკრავების პოპულარიზაციას.